შიში

,,ღვთის ნების შემსრულებელი მისი თაყვანისმცემელი და მადიდებელია, ხოლო მისი სჯულის დამრღვევი- მგმობელია უფლისა" წმ. ბასილი დიდი
,,რაითა იყნეთ თქუენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღემდე ქრისტე იესუისა, აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაითა იესუ ქრისტეს მიერ სადიდებლად და საქებელად ღმრთისა"(ფილისტ.1,10,11)
,,რომელი შჯულითა იქადი, გარდასვლითა მაგით შჯულისაითა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ"(რომ.2,23)

ჩემი მიზანი არც იმ საერთო ,,სიყვარულში" ღვარძლის ჩარევაა და არც დისკუსია თეოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, მით უფრო ვიცი რა, ჩემი თეოლოგიური განსწავლულობის არასავსეობა.
უბრალოდ მინდა მოვყვე იმ შიშზე, რომელიც ბავშვობიდან დამყვა, ალბათ მასზე საუბარი გამათავისუფლებს გარკვეულწილად.
ჩემი თაობის ბავშვებს სკოლაში გვქონდა ,,ბედნიერება" დავწაფებოდით ე.წ. ,,რელიგიის გაკვეთილებს" (ოფიციალურად მგონი სხვა სახელი ჰქონდა). ერთხელაც მასწავლებელმა, წვეროსანმა მორწმუნემ, წაგვიკითხა ამბავი ახლადგარდაცვლილი ბიჭისა, რომელიც ღამ-ღამობით ეცხადებოდა დედას და დას. ამბის თხრობა ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, რომ გაკვეთილის გამოსვლის შემდგომაც დასვენებაზე, მოსწავლეები სულგანაბული ვუსმენდით. ასეთმა ყურადღებამ, მასწავლებელში ეტყობა გააღვიძა მოძღვრის უძველესი გრძნობები და ადრე არაფრით გამორჩეული, შეუწყვეტლივ გადადიოდა მსგავს ამბებზე, გვიყვებოდა წმინდანთა ცხოვრებიდან, გარკვეული ეგზალტაციის მდგომარეობაში, რომელიც ისე გადამდები აღმოჩნდა , რომ გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ბარე ერთი საათი გავატარეთ საკლასო ოთახში.
ღამით სახლში აღმოვაჩინე, რომ მეშინოდა.
ძილის მეშინოდა.
მეშინოდა ვინმე არ მოსულიყო ,,ზეციური იერუსალიმიდან" და არ გამომლაპარაკებოდა.
ღამე თეთრად გათენდა.
და კიდევ რამდენი.
შიში,
აუტანელი შიში მაღრჩობდა , არ მინდოდა რამე ზეციური მეხილა.
რელიგიის გაკვეთილების უმრავლესობა კი მსგავსი ,,საქმეების მოგვარებით" იყო დაკავებული, შევისწავლე ,,მამაო ჩვენო", ახლაღა აღმოვაჩინე, რომ არც ისე სრულყოფილად. ამ მოკლე ტექსტში ოთხ შეცდომას ვუშვებ.
რელიგიის მასწავლებლები კი მიდიოდნენ და მოდიოდნენ, ეპარქია გვამარაგებდა ამ ახალმოციქულებრივი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანებით.
ჩემი ქრისტიანული განსწავლულობის პიკზე,ვიყავი ღვთის მოშიში, როგორც ჩამაგონეს და არა მისი პირველადი და სრული მნიშვნელობით.
დღეს კი დამრჩა უდიდესი სიყვარული, მოწიწება და გაორებული გრძნობა მისი ,, მებრძოლი ეკლესიის" მიმართ.
მომეწონა სკოლებში ,,რელიგიის სწავლება" , რომ შეწყვიტეს და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, მისცეს ადამიანებს შეეცნოთ უფალი.
ყველას საკუთარი გზა აქვს გასავლელად და არამგონია, ეს სადმე სასახლეში მოთავსებულმა კაბოსანმა გადაგიწყვიტოს.
ეკლესია ინსტიტუციაა, შიგნითვე მოიხარშოს, განვითარდეს და რწმენის მონოპოლიზებით (რაც თავისთავად ბიბლიური ცოდნითაა განპირობებული და გვესმის) ნუ იქცევა მახინჯ წარმონაქმნად და ზედნადებად.
მონოპოლია უდიდესი პასუხისმგებლობაა.
დღეს ფეოდალიზმის ეპოქაში არ ვცხოვრობთ და ბრძანებებს არგუმენტების გარეშე სამართლიანად აღარ მიიჩნევენ.
,,მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს ვიდებთ; მგმობთა ჩუენთა ულოცავთ..."(1კორ.4.12.13)
არქაიზმისკენ მიდრეკილი სხეული , იქცევა ნეკროფილური ვნებების ტყვე.
არჩევანი მცირეა და ბევრი მიიქცევა. ასეთი ნაბიჯებით სიკეთე ბოროტებად იქცევა, ნათელს ბნელი შეცვლის.
გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ნგრევით უპასუხებს და არა შეგონებით.
ბოლოს კი ამათგან იმპერატორ იულიანეს მსგავსად გაისმება ჭეშმარიტების ამოძახილი:,,შენ გაიმარჯვე გალილეველო!"
მჯერა!
სიყვარული უკვდავია!

Comments

  1. ფრანგული ანდაზა თუ გამონათქვამი ყოფილა - "ეკლესიასთან ახლოს და ღმერთისგან შორს"-ო
    ხოდა მე პირადად გავიჭედე

    ReplyDelete
  2. ,,არქაიზმისკენ მიდრეკილი სხეული , იქცევა ნეკროფილური ვნებების ტყვე."

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts