ესკიზი

სარკინეზე პირველად იყო,
პირველად საფარში, მასთან ერთად მეექვსედ.
იჯდა და ელოდა
ელოდა, როდის მოფრინდებოდა მიმინო, თავისი მსხვერპლის დასაუფლებლად.
ოთხი ხაჟო დაიჭირეს გუშინ,
ბადეც საიმედო აქვთ და თუ ღვთის ნებაც იქნება, მიმინო დღეს მის მაჯაზე გაათევს ღამეს.
საათები გადის, ის არწმუნებს, რომ მოლოდინი არ გაცუდდება. აქ ადრეც ბევრჯერ დაუჭერია ფრინველი.
ხაჟოები კი ბადეში ფრთხიალებენ, ელიან დასასრულს.
არ საუბრობენ-
დაიძაბნენ.
კურდღელმა გადაურბინა თერთმეთიოდე ნაბიჯზე, მაგრამ ამისთვის არ მოსულან,
თოფი არ გავარდნილა.
უკვე მოუთმენლობა დაეტყო, ცოტაც და გარეთ დაიწყებს ემოციები სვლას.
მოშივდა, გვარიანად მოშივდა.
ცხენები ქვემოთ ჰყავთ მიშვებული. ფეხები დაუბეს. ცდილობს ბოლომდე გაუძლოს.
არც დაღამება უნდა, თუ არ გამოჩნდა ეტყვის შეწყვიტონ. თავიდანვე არ სჯეროდა.
მონადირე იყო, მაგრამ ცხოვრების; მიმინოთი არ უნადირნია.
თვლიდა მისი საქმე არ იყო, ბუნებასაც თანმობა ეტყობოდა. ეჭვი იზრდებოდა.
ირაო შეკრა,
დიდებულია.
რამდენჯერმე გადაუფრინა. სურვილმა მიაჯაჭვა.
მასავით,
ესმის მისი, ორივენი ცხოვრებაში მეძებრები არიან.
უცებ მოსწყდა და დაეშვა.
ის მართალი იყო ხაჟოს სურვილმა, მიმინო შეიპყრო.
შეუყვარდა, თავისი ჯერ არ დაჭერილი მიმინო.
თავისი კლანჭები ჩიტს ჩარჭობოდა, თვითონ კი ბადის ტყვე შეიქნა.
არჩევანს წაყვა თავისუფლება.
უბოძებს და იბოძებს, ლამაზია.
აღტაცებას მღერის სულში.
ეშვებიან, მოშორებით ცხენებს იჭერენ და ბრუნდებიან.
ის უკვე მეგობარია, მიმინოს მეგობარი.
შემდეგ ყველაფერი წესის მიხედვით უნდა გაკეთდეს.
უნდა შეეჩვიოს ორი მეგობარი ერთმანეთს. მტაცებელი-მტაცებელს. გულის რიტმი უნდა გაუცვალონ ერთმანეთს. ფიცი უნდა დადონ უსიტყვო.
მასთან სახლში დააპურეს და გაუჩინარდნენ, დატოვეს თავის ახალ მეგობართან მარტო.
შებინდდა, ყველაფერი ახსოვს რაც ასწავლეს.
დაჯდა და სულიერთან ერთად ღამის გატეხვას შეუდგა.
მთელ ღამეს ერთად მდუმარებაში გაატარებენ და შეიყვარებენ.
გრძნობს მეგობრის ძლიერებას.
გრძნობს გამოცდის სირთულეს.ნდობის მოხელთებას.
ისინი გამთენიისას უკვე ერთნი იყვნენ.

Comments

Popular Posts