ყურანი, ურწმუნონი, 109 სურა

ყურანი, ურწმუნონი, 109-ე სურა

,,თქვი: ო, ურწმუნონო,
არ ვემონო იმას, რასაც თქვენ ემონებით;
არც თქვენა ხართ მონანი იმისა, რასაც მე ვემონები;
და არც მე ვარ მონა იმისა, რასაც თქვენ მონებდით;
თქვენ თქვენი სჯული გაქვთ, მე ჩემი სჯული!"

Friday, April 23, 2010

შიში

,,ღვთის ნების შემსრულებელი მისი თაყვანისმცემელი და მადიდებელია, ხოლო მისი სჯულის დამრღვევი- მგმობელია უფლისა" წმ. ბასილი დიდი
,,რაითა იყნეთ თქუენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღემდე ქრისტე იესუისა, აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაითა იესუ ქრისტეს მიერ სადიდებლად და საქებელად ღმრთისა"(ფილისტ.1,10,11)
,,რომელი შჯულითა იქადი, გარდასვლითა მაგით შჯულისაითა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ"(რომ.2,23)

ჩემი მიზანი არც იმ საერთო ,,სიყვარულში" ღვარძლის ჩარევაა და არც დისკუსია თეოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, მით უფრო ვიცი რა, ჩემი თეოლოგიური განსწავლულობის არასავსეობა.
უბრალოდ მინდა მოვყვე იმ შიშზე, რომელიც ბავშვობიდან დამყვა, ალბათ მასზე საუბარი გამათავისუფლებს გარკვეულწილად.
ჩემი თაობის ბავშვებს სკოლაში გვქონდა ,,ბედნიერება" დავწაფებოდით ე.წ. ,,რელიგიის გაკვეთილებს" (ოფიციალურად მგონი სხვა სახელი ჰქონდა). ერთხელაც მასწავლებელმა, წვეროსანმა მორწმუნემ, წაგვიკითხა ამბავი ახლადგარდაცვლილი ბიჭისა, რომელიც ღამ-ღამობით ეცხადებოდა დედას და დას. ამბის თხრობა ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, რომ გაკვეთილის გამოსვლის შემდგომაც დასვენებაზე, მოსწავლეები სულგანაბული ვუსმენდით. ასეთმა ყურადღებამ, მასწავლებელში ეტყობა გააღვიძა მოძღვრის უძველესი გრძნობები და ადრე არაფრით გამორჩეული, შეუწყვეტლივ გადადიოდა მსგავს ამბებზე, გვიყვებოდა წმინდანთა ცხოვრებიდან, გარკვეული ეგზალტაციის მდგომარეობაში, რომელიც ისე გადამდები აღმოჩნდა , რომ გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ბარე ერთი საათი გავატარეთ საკლასო ოთახში.
ღამით სახლში აღმოვაჩინე, რომ მეშინოდა.
ძილის მეშინოდა.
მეშინოდა ვინმე არ მოსულიყო ,,ზეციური იერუსალიმიდან" და არ გამომლაპარაკებოდა.
ღამე თეთრად გათენდა.
და კიდევ რამდენი.
შიში,
აუტანელი შიში მაღრჩობდა , არ მინდოდა რამე ზეციური მეხილა.
რელიგიის გაკვეთილების უმრავლესობა კი მსგავსი ,,საქმეების მოგვარებით" იყო დაკავებული, შევისწავლე ,,მამაო ჩვენო", ახლაღა აღმოვაჩინე, რომ არც ისე სრულყოფილად. ამ მოკლე ტექსტში ოთხ შეცდომას ვუშვებ.
რელიგიის მასწავლებლები კი მიდიოდნენ და მოდიოდნენ, ეპარქია გვამარაგებდა ამ ახალმოციქულებრივი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანებით.
ჩემი ქრისტიანული განსწავლულობის პიკზე,ვიყავი ღვთის მოშიში, როგორც ჩამაგონეს და არა მისი პირველადი და სრული მნიშვნელობით.
დღეს კი დამრჩა უდიდესი სიყვარული, მოწიწება და გაორებული გრძნობა მისი ,, მებრძოლი ეკლესიის" მიმართ.
მომეწონა სკოლებში ,,რელიგიის სწავლება" , რომ შეწყვიტეს და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, მისცეს ადამიანებს შეეცნოთ უფალი.
ყველას საკუთარი გზა აქვს გასავლელად და არამგონია, ეს სადმე სასახლეში მოთავსებულმა კაბოსანმა გადაგიწყვიტოს.
ეკლესია ინსტიტუციაა, შიგნითვე მოიხარშოს, განვითარდეს და რწმენის მონოპოლიზებით (რაც თავისთავად ბიბლიური ცოდნითაა განპირობებული და გვესმის) ნუ იქცევა მახინჯ წარმონაქმნად და ზედნადებად.
მონოპოლია უდიდესი პასუხისმგებლობაა.
დღეს ფეოდალიზმის ეპოქაში არ ვცხოვრობთ და ბრძანებებს არგუმენტების გარეშე სამართლიანად აღარ მიიჩნევენ.
,,მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს ვიდებთ; მგმობთა ჩუენთა ულოცავთ..."(1კორ.4.12.13)
არქაიზმისკენ მიდრეკილი სხეული , იქცევა ნეკროფილური ვნებების ტყვე.
არჩევანი მცირეა და ბევრი მიიქცევა. ასეთი ნაბიჯებით სიკეთე ბოროტებად იქცევა, ნათელს ბნელი შეცვლის.
გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ნგრევით უპასუხებს და არა შეგონებით.
ბოლოს კი ამათგან იმპერატორ იულიანეს მსგავსად გაისმება ჭეშმარიტების ამოძახილი:,,შენ გაიმარჯვე გალილეველო!"
მჯერა!
სიყვარული უკვდავია!

Tuesday, April 20, 2010

რილკეს


მძიმეთ ნაცემი,
ელდით ნამცვრევი-
გამოვარდები
კოლონადების ჯარს, საპატიო ყარაულივით გვერდს , რომ ჩავუვლი
სულ დაკარგული,
დამარცხებული, გავუყვები თეატრიდან შინისკენ გზას.
გვერდს ვერ ავუვლი
ვიტრაჟებს, ნათებას და
ჯერ კიდევ სისხლმდინარებით
სველი სულით
დასვრილ სხეულით
შიშველი- ჩემს განცდებში
შეშლილი და ამღვრეული
გამოფენაზე, ხალხმრავალ
ფუჟერებიან, კოპწია
ხალხს, ხალხში და მათ შემოქმედებაში (რა დიდია და რა მცირე!)
გალერეაში შევალ.
მუნდირიანი: მოემზადეთ!
დაუმიზნეთ!
ბრძანება: ცეცხლი!
ჩემი მოცელილი სიცოცხლე ძირს ენარცხება მიწას, რომელიც ამდენს ხნავს.
დაცხრილული და სისხლიან ტბაში მცურავი ჩემი სხეული - აფრიანი ნავი.
სანაპიროსთან
ჩამომდგარა
ხელცარიელი
ცარიელია - წყალი თევზისგან,
არსად, გამქრალა, შემრჩენია ხელთ პოლიეთილენის პარკი უხრწნელი,
მარადისობა, ტექნიკური მარადისობა!
მას ჩავიკითხავ, ჩავიტენი
გვამს ამოვივსებ
ძარღვებად ხორცში, კაპრონის ძაფს შემოვიკერებ
ავიქსელები, გავებმები,გავკულტურდები
გამომეღვიძა
ჰოი ღმერთებო! დამიფარეთ თქვენი შექმნილი
მჩხიბავო გასწი, არ მწამს, შენი მისნობის აწი
მე სხვანაირი, სხვაფერი და სხვაგვარი აზრით
შემოჯაჭვული. განვმარტოვდი, დავიცავ თავი.
შენ უსუსურო დაეც ორფევსი, დატოვე ქნარი;
ვერ მოუხერხე, რაც ოცნებით შეიქმნა მასში,
როცა შთაბერეს სიყვარული სიცოცხლის არსში
და ნიჭი მისცეს ბრძოლისათვის, სიტყვებად ცაში.
მარადისობავ! სულნო ჩემნო უდროო დროის
სივრცეებს გაღმა არსებულნო- უნივთო არსით
ანგელოზებრი საფიქრალი თან გსდევდათ ქროლვით
გათავისუფლდით, ორფევსნი ვართ პოეტის ქნარით!
მარადისობავ! შენ იუფლებ- სიტყვების სახით!
ჭეშმარიტებავ! შენ იცოცხლებ- მე მჯერა ამის!


Monday, April 19, 2010

0
მუქი ხისფერი კარი გაიღო.
გააღეს!
ბიჭი მოზრდილი თმებით, გოგო-მოკლე კაბით, ორი გოგო ქერა თმებით, კიდევ ბიჭი, მოკლე თმებით და ჯიბის ქვემოთ დაცრეცილი ჯინსით, კიდევ ბიჭი.
ორი ბიჭი,
სამი გოგო
და ასე ორმოცზე მეტნი გამოდის მუქი ხისფერი კარიდან.
ერთმანეთში
წინიდან- უკან, პირიქით,
გვერდიდან - გვერდით საუბრობენ,
ერთი გუშინდელისას,
მეორე დღევანდელისას, ქალისას, კაცისას; ზოგი ბიბლიოთეკარ ქალზე, მეოთხე სართულიდან.
ერთი- ორი ახლად წაკითხულ ლექციაზე.
ასეც ხდება.
ოთახი კი წაგრძელებული, მრავალთაგან ერთ-ერთი.
კათედრა,
კათედრის წინ კაცი , ფურცლებს აგროვებს და საქაღალდეში დებს.
დაიღალა!
ათი წუთი გადააშორა, როგორც ყოველთვის.
ვინმემ დაუფასოს!
გამოდის დერეფანში, მოკლე დინჯი ნაბიჯებით,
მსუქანია,
ყველა ტანწვრილი ვერ იქნება!
ღირსპატივცემული ბატონი,მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, კათედრის გამგე.
არასრული სია, პატივებისა,
საკმარისი გასაცნობად.
ორმოცდარაღაცა წლის უცოლშვილო - მსუქანი კაცი.
მიღწევებით კმაყოფილი,
ქრთამის არ ამღები,
ნიშნის ძნელად მწერი.
,,ღორი ნიშნისა"
ყველას სიყვარული, არც შეუძლია და არც ითხოვს,
აღიარე და დააფასე!
მიუყვება დერეფანს.
დეკანატში.
დაიბარეს და გამოცხადდება!
მიდის.


1
გამოაღო რკინის კარი.
რატომ რკინის ?!
შევიდა,
,,არავინაა?"
,,აქ ვარ." შიდა კარიდან გამომავალი ქალის ხმა.
ნაზი
მდივანი ქალი.
დაბნეული, კარიდან გამომძვრალ-გადმონაცვლებული.
,,მობრძანდით, მობრძანდით"
,,გმადლობთ"
ოთახში ორთავე ერთად.
,,ქალბატონი მზია..."
,,ნახევარი საათია გავიდა"
,,დამაგვიანდა"
,,არა უშავს, დარძანდით"
მართალია ჩამრგვალებული, ღიპ-ღაბაბიანი , მაგრამ ის.
ინტელექტუალი,
იდუმალი,
,,ენციკლოპედია"- როგორც ლიანასთან იტყოდა.
ჰალსტუხის გარეშე, ცრურწმენის თუ რწმენის გამო.
იდგა დაბნეული (ნაზი უკვე ყავას ადუღებს) და დაჯდომას ვერ ახერხებს.
ხვდება და ვერც.
ზის.
დუმილი
წარმოსადგენად უხერხული
ხვდება პროფესორი, უნდა თქვას რამე, ქალი ელის,
ვერ,
ვერ და არა!
ისევ ქალი
,,ყავას უკითხავად გიხარშავთ" ნაზის ნაზი ღიმილი.
,,დიახ" შეძლებისდაგვარად რბილი.
საბჭოთა რკინის კარადა,
ყავა და მადუღარა.
დრო დადუღებისა დუმილით განვლილი.
სკამზე, დაძაბვით მომლოდინე კაცი.
შიში დამალული.
იმედგაცრუებული,
შერცხვენილი იდგა, რამდენი ხნის უკან, ასე დაწყებული ამბის ფინალში.
ქალის ბინაში - ქალის საწოლთან,
სხვა ქალის, ქალისა, რომელიც მას შემდეგ, ერთხელ ნახა მხოლოდ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ.
უეცრად და დაუგეგმავად.
ქმარ-შვილთან ერთად, საერთო ნაცნობთან.
ახლაც თავაზიანობის დროის გასვლის შემდეგ, ადგა და წამოვიდა.
დატოვა შენობა.
ქუჩის ქვაფენილს ჩაუყვა.
იდგა შემოდგომა.




2
ჩვეულება!
ფეხით მიდის პროფესორი სახლში.
ფიქრობს.
ახლანდელ დროებაზე,
წარსულზე,
მომავალზე- არა!
ახალგაზრდობაზე - კომკავშირი, პარტია, დახეული პარტბილეთი, საკანდიდატო დისერტაცია, სადოქტორო. მივლინებები, განსაკუთრებით ტარტუ!
ბატონი!
ღვაწლმოსილი.
ცხოვრებაზე, ადამიანებზე, ირგვლივ და ყოველზე.
ნაადრევი შემოდგომა.
,,ჩოხოსან რაინდდთა" საპატიო წევრისა.
ძველი ქალაქი,
დამახინჯებული ექსტერიერით.
თავისი სამ ოთახიანი ,,აპარტამენტი".
საკუთრება მარტო სულისა,
მარტო გვამისა
პატივცემულ პროფესორისა!
მეზობლებთან საჭირო დროს ურთიერთობა.
ეუცნაურებოდა ძველი ქალაქის ძველ სამეზობლოს!
მთაში შექმნილი ხალიჩა, ხასხასა, კედელზე.
წინაპრები,
დედა.
ტელევიზორი, აბაზანა, სამზარეულო, საძინებელი და ასე ყოფითი დღის ბოლო.
იკითხა იძინა.
გაიღვიძა. ახალი დღე.
ახალი სამუშაო დღე.
და ისიც წავიდა.




3

მუქი ხისფერი კარი გაიღო.
გააღეს!
ბიჭი მოზრდილი თმებით, გოგო-მოკლე კაბით, ორი გოგო ქერა თმებით, კიდევ ბიჭი, მოკლე თმებით და ჯიბის ქვემოთ დაცრეცილი ჯინსით, კიდევ ბიჭი.
ორი ბიჭი,
სამი გოგო
და ასე ორმოცზე მეტნი გამოდის მუქი ხისფერი კარიდან.
ერთმანეთში
წინიდან- უკან, პირიქით,
გვერდიდან - გვერდით საუბრობენ,
ერთი გუშინდელისას,
მეორე დღევანდელისას, ქალისას, კაცისას; ზოგი ბიბლიოთეკარ ქალზე, მეოთხე სართულიდან.
ერთი- ორი ახლად წაკითხულ ლექციაზე.
ასეც ხდება.
ოთახი კი წაგრძელებული, მრავალთაგან ერთ-ერთი.
კათედრა,
კათედრის წინ კაცი , ფურცლებს აგროვებს და საქაღალდეში დებს.
დაიღალა!
ათი წუთი გადააშორა, როგორც ყოველთვის.
ვინმემ დაუფასოს!
გამოდის დერეფანში, მოკლე დინჯი ნაბიჯებით,
მსუქანია,
ყველა ტანწვრილი ვერ იქნება!
ღირსპატივცემული ბატონი,მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, კათედრის გამგე.
არასრული სია, პატივებისა,
საკმარისი გასაცნობად.

Tuesday, April 13, 2010

ესკიზი

სარკინეზე პირველად იყო,
პირველად საფარში, მასთან ერთად მეექვსედ.
იჯდა და ელოდა
ელოდა, როდის მოფრინდებოდა მიმინო, თავისი მსხვერპლის დასაუფლებლად.
ოთხი ხაჟო დაიჭირეს გუშინ,
ბადეც საიმედო აქვთ და თუ ღვთის ნებაც იქნება, მიმინო დღეს მის მაჯაზე გაათევს ღამეს.
საათები გადის, ის არწმუნებს, რომ მოლოდინი არ გაცუდდება. აქ ადრეც ბევრჯერ დაუჭერია ფრინველი.
ხაჟოები კი ბადეში ფრთხიალებენ, ელიან დასასრულს.
არ საუბრობენ-
დაიძაბნენ.
კურდღელმა გადაურბინა თერთმეთიოდე ნაბიჯზე, მაგრამ ამისთვის არ მოსულან,
თოფი არ გავარდნილა.
უკვე მოუთმენლობა დაეტყო, ცოტაც და გარეთ დაიწყებს ემოციები სვლას.
მოშივდა, გვარიანად მოშივდა.
ცხენები ქვემოთ ჰყავთ მიშვებული. ფეხები დაუბეს. ცდილობს ბოლომდე გაუძლოს.
არც დაღამება უნდა, თუ არ გამოჩნდა ეტყვის შეწყვიტონ. თავიდანვე არ სჯეროდა.
მონადირე იყო, მაგრამ ცხოვრების; მიმინოთი არ უნადირნია.
თვლიდა მისი საქმე არ იყო, ბუნებასაც თანმობა ეტყობოდა. ეჭვი იზრდებოდა.
ირაო შეკრა,
დიდებულია.
რამდენჯერმე გადაუფრინა. სურვილმა მიაჯაჭვა.
მასავით,
ესმის მისი, ორივენი ცხოვრებაში მეძებრები არიან.
უცებ მოსწყდა და დაეშვა.
ის მართალი იყო ხაჟოს სურვილმა, მიმინო შეიპყრო.
შეუყვარდა, თავისი ჯერ არ დაჭერილი მიმინო.
თავისი კლანჭები ჩიტს ჩარჭობოდა, თვითონ კი ბადის ტყვე შეიქნა.
არჩევანს წაყვა თავისუფლება.
უბოძებს და იბოძებს, ლამაზია.
აღტაცებას მღერის სულში.
ეშვებიან, მოშორებით ცხენებს იჭერენ და ბრუნდებიან.
ის უკვე მეგობარია, მიმინოს მეგობარი.
შემდეგ ყველაფერი წესის მიხედვით უნდა გაკეთდეს.
უნდა შეეჩვიოს ორი მეგობარი ერთმანეთს. მტაცებელი-მტაცებელს. გულის რიტმი უნდა გაუცვალონ ერთმანეთს. ფიცი უნდა დადონ უსიტყვო.
მასთან სახლში დააპურეს და გაუჩინარდნენ, დატოვეს თავის ახალ მეგობართან მარტო.
შებინდდა, ყველაფერი ახსოვს რაც ასწავლეს.
დაჯდა და სულიერთან ერთად ღამის გატეხვას შეუდგა.
მთელ ღამეს ერთად მდუმარებაში გაატარებენ და შეიყვარებენ.
გრძნობს მეგობრის ძლიერებას.
გრძნობს გამოცდის სირთულეს.ნდობის მოხელთებას.
ისინი გამთენიისას უკვე ერთნი იყვნენ.

Monday, April 12, 2010

ვინც ჩემს შემდგომად...

[და ისინი] ცის ღვთაება ტაროსს შევწირე// და ისინი ცის ღვთაება ტაროსს კვლავ და[ვუდგინეთ].// ვინც ჩემს შემდგომ მეფედ გახდება// და [ქ...ნას,][...მ]ას და ხარქიუნას- ნე[სას(ამ) მტრებს-]// კვლავ ვინც დაასახლებს, იგი ნე[სას // მტერი] იყოს და იგი ყველა ქვეყნის //[მტერი იყოს]. და ვითარცა ლომი ქვე[ყანას...].
ქრ.შობამდე მე16 საუკუნე ,,მეფე ამუნას ქრონიკა" ხეთური თიხის ფირფიტა
არასდროს დასრულდება-
ვინც დაასახლოს, ვინც გამრავლდეს, ვინც გაიხაროს და მრავალი ვინც. ბოლოს ვიღაცა ჩათვლის ნიჭად წყევლას და მამა-პაპურად მიგვაწყევლის ტელეეთერიდან და სამართლიანადაც, ღირსები ვართ.
და ეს ბედ დაწყევლილი ხალხი დავდგებით და მოვყვებით: ვინც დაასახლა, ვინც გაამრავლა, ვინც გაიხარა (ამათ განსაკუთრებულად) და ასე.
ცნობილი გამოთქმა გვეუბნება: ჯარისკაცს გენერლობა სურსო.
გადაგვარჩინა ღმერთმა ჩვენში ჯარისკაცობა არავის სურს(ჩემი სიმპათიები ამათ).
აქ ცნობილი გამოთქმაა ყველას პრეზიდენტობა სურსო(მერე რა რომ არ გაგვიგონია,ჩუმი გამოთქმაა)!
ახლა მაინც ხო დავრწმუნდით, პრეზიდენტებიც მოკვდავნი არიან!
მაშინ პატრიარქობა სურსო (სასახლე, შემოციცინათებული 6000000 თვალი, უკეთ 3000000 წყვილი თვალი, ბრძანება კურთხევა რომ გონიათ თვალების პატრონთ (მართლები ხართ მართლაც იქნებ ვინმე ბრმაა ერთი თვალით ან ორივეთი , ან კიდე იქნებ ვცდებით და ამდენიც არავართ, როგორც არის)).
ცოტა გარჯა სჭირდება, მაგრამ ,,ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?!"
და ასე გადიოდა ჟამი,
მრავალჟამიერი.
არადა რომ წერია, იმ დალოცვილზე:
,,ვინც ჩემს შემდგომ მეფედ გახდება// და ხათუსას კვლავ დაასახლებს,// იგი ცის ღვთაება ტაროსმა განგმი[როს!]
ბევრს ჯერა ჩვენი ხეთური წარმომავლობის...

ორშაბათი

სელი ხელით გადასწია... ასე დავიწყე მოთხრობა, რომელიც მეზობლის ბავშვს დღეს დავუწერე. შეყვარებულ არაბ ქალზე და არაბული ზღაპრის ცეცხლისფერ უდაბნოში ვიმოგზაურე. ბოლო კი ასეთი გამოდგა: გმადლობ მაგრამ ამას ჩემს მაყვალა(სახელი შეცვლილია)მასწავლებელს ვერ ვანახებო.ალბათ ახლაც წერს საბრალო. ახია! გამბედავი უნდა იყო ადამიანი თავიდანვე, თორემ ჩაანაცვლებ მაყვალა მასწს. და ივლი წრეზე.
არაბეთი კი მართლა საოცნებოა მხარეა ჩემთვის, მორწმუნე მუსლიმივით მინდა ვიმოგზაურო.
უპატივცემულობაში არ ჩამეთვალოს- ყველას რწმენა დასაფასებელია, ისევე როგორც არრწმენა.
წვიმს-გაზაფხულია!
ხვალ ალბათ მზე იქნება (მეტეო პროგნოზების არ მჯერა)!
არც ვიცი საჭირო იყო თუ არა საერთოდ მეტეო გადახვევა.
საერთოდაც თუა რამე საჭირო ამ ქვეყნად, გარდა სიშიშვლისა - სულის სიშიშვლისა(?!)
ალბათ გაზაფხულის ბრალია
ჭეშმარიტებების ბრალია დაბადებიდან თავი რომ გამოგვივსეს...
ბავშვებმა, საერთოდ არ იცოდნენ 9 აპრილს რა მოხდა- ამ დღეებში ჩემს ირგვლივ!!! იქნებ ასეც ჯობია. მთელ ჩემს ბავშვობას სანთელ ანთებული ,,მამაო ჩვენოიანი" ღონისძიებები სულს უმახინჯებდა, ადუღაბებდა ,,პატრიოტულ" გრძნობებს, ყოველ ნაბიჯზე თვალთ ლიბრად რომ ეკრება.
მითოლოგიის გაკვეთილები- ვიღაცის პატრიოტულმა თავმა რელიგიის გაკვეთილად , რომ აქცია.
დავიწყებული გილგამეში და პავლეთ ქცეული სავლე.
რამდენი დაჭირდება კიდევ- საბჭოეთში მართლაც ხარისხიანად აშენებდნენ.
მოასწრეს!
შექმნეს!
მათ დამოუკიდებელი საქართველო შექმნეს!
,,პატრიოტი" მოქალაქეების საქართველო.
ვინც რა უნდა ის თქვას ,,ჩვენი სამშობლო დიდების ღირსი..."
დღეს ორშაბათია და არაფერი შეცვლილა
არ ვიცი გულწრფელად წერა თუ გამომივა, მაგრამ უნდა ვცადო, მოზომილ წერას აზრი არ აქვს!