0
მუქი ხისფერი კარი გაიღო.
გააღეს!
ბიჭი მოზრდილი თმებით, გოგო-მოკლე კაბით, ორი გოგო ქერა თმებით, კიდევ ბიჭი, მოკლე თმებით და ჯიბის ქვემოთ დაცრეცილი ჯინსით, კიდევ ბიჭი.
ორი ბიჭი,
სამი გოგო
და ასე ორმოცზე მეტნი გამოდის მუქი ხისფერი კარიდან.
ერთმანეთში
წინიდან- უკან, პირიქით,
გვერდიდან - გვერდით საუბრობენ,
ერთი გუშინდელისას,
მეორე დღევანდელისას, ქალისას, კაცისას; ზოგი ბიბლიოთეკარ ქალზე, მეოთხე სართულიდან.
ერთი- ორი ახლად წაკითხულ ლექციაზე.
ასეც ხდება.
ოთახი კი წაგრძელებული, მრავალთაგან ერთ-ერთი.
კათედრა,
კათედრის წინ კაცი , ფურცლებს აგროვებს და საქაღალდეში დებს.
დაიღალა!
ათი წუთი გადააშორა, როგორც ყოველთვის.
ვინმემ დაუფასოს!
გამოდის დერეფანში, მოკლე დინჯი ნაბიჯებით,
მსუქანია,
ყველა ტანწვრილი ვერ იქნება!
ღირსპატივცემული ბატონი,მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, კათედრის გამგე.
არასრული სია, პატივებისა,
საკმარისი გასაცნობად.
ორმოცდარაღაცა წლის უცოლშვილო - მსუქანი კაცი.
მიღწევებით კმაყოფილი,
ქრთამის არ ამღები,
ნიშნის ძნელად მწერი.
,,ღორი ნიშნისა"
ყველას სიყვარული, არც შეუძლია და არც ითხოვს,
აღიარე და დააფასე!
მიუყვება დერეფანს.
დეკანატში.
დაიბარეს და გამოცხადდება!
მიდის.


1
გამოაღო რკინის კარი.
რატომ რკინის ?!
შევიდა,
,,არავინაა?"
,,აქ ვარ." შიდა კარიდან გამომავალი ქალის ხმა.
ნაზი
მდივანი ქალი.
დაბნეული, კარიდან გამომძვრალ-გადმონაცვლებული.
,,მობრძანდით, მობრძანდით"
,,გმადლობთ"
ოთახში ორთავე ერთად.
,,ქალბატონი მზია..."
,,ნახევარი საათია გავიდა"
,,დამაგვიანდა"
,,არა უშავს, დარძანდით"
მართალია ჩამრგვალებული, ღიპ-ღაბაბიანი , მაგრამ ის.
ინტელექტუალი,
იდუმალი,
,,ენციკლოპედია"- როგორც ლიანასთან იტყოდა.
ჰალსტუხის გარეშე, ცრურწმენის თუ რწმენის გამო.
იდგა დაბნეული (ნაზი უკვე ყავას ადუღებს) და დაჯდომას ვერ ახერხებს.
ხვდება და ვერც.
ზის.
დუმილი
წარმოსადგენად უხერხული
ხვდება პროფესორი, უნდა თქვას რამე, ქალი ელის,
ვერ,
ვერ და არა!
ისევ ქალი
,,ყავას უკითხავად გიხარშავთ" ნაზის ნაზი ღიმილი.
,,დიახ" შეძლებისდაგვარად რბილი.
საბჭოთა რკინის კარადა,
ყავა და მადუღარა.
დრო დადუღებისა დუმილით განვლილი.
სკამზე, დაძაბვით მომლოდინე კაცი.
შიში დამალული.
იმედგაცრუებული,
შერცხვენილი იდგა, რამდენი ხნის უკან, ასე დაწყებული ამბის ფინალში.
ქალის ბინაში - ქალის საწოლთან,
სხვა ქალის, ქალისა, რომელიც მას შემდეგ, ერთხელ ნახა მხოლოდ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ.
უეცრად და დაუგეგმავად.
ქმარ-შვილთან ერთად, საერთო ნაცნობთან.
ახლაც თავაზიანობის დროის გასვლის შემდეგ, ადგა და წამოვიდა.
დატოვა შენობა.
ქუჩის ქვაფენილს ჩაუყვა.
იდგა შემოდგომა.




2
ჩვეულება!
ფეხით მიდის პროფესორი სახლში.
ფიქრობს.
ახლანდელ დროებაზე,
წარსულზე,
მომავალზე- არა!
ახალგაზრდობაზე - კომკავშირი, პარტია, დახეული პარტბილეთი, საკანდიდატო დისერტაცია, სადოქტორო. მივლინებები, განსაკუთრებით ტარტუ!
ბატონი!
ღვაწლმოსილი.
ცხოვრებაზე, ადამიანებზე, ირგვლივ და ყოველზე.
ნაადრევი შემოდგომა.
,,ჩოხოსან რაინდდთა" საპატიო წევრისა.
ძველი ქალაქი,
დამახინჯებული ექსტერიერით.
თავისი სამ ოთახიანი ,,აპარტამენტი".
საკუთრება მარტო სულისა,
მარტო გვამისა
პატივცემულ პროფესორისა!
მეზობლებთან საჭირო დროს ურთიერთობა.
ეუცნაურებოდა ძველი ქალაქის ძველ სამეზობლოს!
მთაში შექმნილი ხალიჩა, ხასხასა, კედელზე.
წინაპრები,
დედა.
ტელევიზორი, აბაზანა, სამზარეულო, საძინებელი და ასე ყოფითი დღის ბოლო.
იკითხა იძინა.
გაიღვიძა. ახალი დღე.
ახალი სამუშაო დღე.
და ისიც წავიდა.




3

მუქი ხისფერი კარი გაიღო.
გააღეს!
ბიჭი მოზრდილი თმებით, გოგო-მოკლე კაბით, ორი გოგო ქერა თმებით, კიდევ ბიჭი, მოკლე თმებით და ჯიბის ქვემოთ დაცრეცილი ჯინსით, კიდევ ბიჭი.
ორი ბიჭი,
სამი გოგო
და ასე ორმოცზე მეტნი გამოდის მუქი ხისფერი კარიდან.
ერთმანეთში
წინიდან- უკან, პირიქით,
გვერდიდან - გვერდით საუბრობენ,
ერთი გუშინდელისას,
მეორე დღევანდელისას, ქალისას, კაცისას; ზოგი ბიბლიოთეკარ ქალზე, მეოთხე სართულიდან.
ერთი- ორი ახლად წაკითხულ ლექციაზე.
ასეც ხდება.
ოთახი კი წაგრძელებული, მრავალთაგან ერთ-ერთი.
კათედრა,
კათედრის წინ კაცი , ფურცლებს აგროვებს და საქაღალდეში დებს.
დაიღალა!
ათი წუთი გადააშორა, როგორც ყოველთვის.
ვინმემ დაუფასოს!
გამოდის დერეფანში, მოკლე დინჯი ნაბიჯებით,
მსუქანია,
ყველა ტანწვრილი ვერ იქნება!
ღირსპატივცემული ბატონი,მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, კათედრის გამგე.
არასრული სია, პატივებისა,
საკმარისი გასაცნობად.

Comments

  1. ყველა ტანწვრილი ვერ იქნება...
    :)-მართალია

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts