რილკეს


მძიმეთ ნაცემი,
ელდით ნამცვრევი-
გამოვარდები
კოლონადების ჯარს, საპატიო ყარაულივით გვერდს , რომ ჩავუვლი
სულ დაკარგული,
დამარცხებული, გავუყვები თეატრიდან შინისკენ გზას.
გვერდს ვერ ავუვლი
ვიტრაჟებს, ნათებას და
ჯერ კიდევ სისხლმდინარებით
სველი სულით
დასვრილ სხეულით
შიშველი- ჩემს განცდებში
შეშლილი და ამღვრეული
გამოფენაზე, ხალხმრავალ
ფუჟერებიან, კოპწია
ხალხს, ხალხში და მათ შემოქმედებაში (რა დიდია და რა მცირე!)
გალერეაში შევალ.
მუნდირიანი: მოემზადეთ!
დაუმიზნეთ!
ბრძანება: ცეცხლი!
ჩემი მოცელილი სიცოცხლე ძირს ენარცხება მიწას, რომელიც ამდენს ხნავს.
დაცხრილული და სისხლიან ტბაში მცურავი ჩემი სხეული - აფრიანი ნავი.
სანაპიროსთან
ჩამომდგარა
ხელცარიელი
ცარიელია - წყალი თევზისგან,
არსად, გამქრალა, შემრჩენია ხელთ პოლიეთილენის პარკი უხრწნელი,
მარადისობა, ტექნიკური მარადისობა!
მას ჩავიკითხავ, ჩავიტენი
გვამს ამოვივსებ
ძარღვებად ხორცში, კაპრონის ძაფს შემოვიკერებ
ავიქსელები, გავებმები,გავკულტურდები
გამომეღვიძა
ჰოი ღმერთებო! დამიფარეთ თქვენი შექმნილი
მჩხიბავო გასწი, არ მწამს, შენი მისნობის აწი
მე სხვანაირი, სხვაფერი და სხვაგვარი აზრით
შემოჯაჭვული. განვმარტოვდი, დავიცავ თავი.
შენ უსუსურო დაეც ორფევსი, დატოვე ქნარი;
ვერ მოუხერხე, რაც ოცნებით შეიქმნა მასში,
როცა შთაბერეს სიყვარული სიცოცხლის არსში
და ნიჭი მისცეს ბრძოლისათვის, სიტყვებად ცაში.
მარადისობავ! სულნო ჩემნო უდროო დროის
სივრცეებს გაღმა არსებულნო- უნივთო არსით
ანგელოზებრი საფიქრალი თან გსდევდათ ქროლვით
გათავისუფლდით, ორფევსნი ვართ პოეტის ქნარით!
მარადისობავ! შენ იუფლებ- სიტყვების სახით!
ჭეშმარიტებავ! შენ იცოცხლებ- მე მჯერა ამის!


Comments

Popular Posts