კოლექცია - 32


წლები არ მაშინებს,
ბოლოს და ბოლოს დღეების გროვაა
(აქ ყოველდღიურობის აღწერა მინდოდა,
მაგრამ საჯარო აღსარებები ყოველთვის მაღიზიანებდა
არამგონია განსხვავდებოდეს ვინმეს ყოველდღიურობიდან
რადგან ეს ისაა რაც მეორდება და ფინალიც ცნობილია)
რა ნიჭიერიც უნდა იყოს დრამატურგი
ყოველთვის უწევს დაწეროს ,,ფარდა“

ჟანრის კანონები

დასასრული უკვე იყო
რამდენიმე
(არ აქვს მნიშვნელობა ვისთან)
და ვიდრე ჩემი იქნება უფრო მოიმატებს სია რომელსაც მნიშვნელობა დაეკარგება როცა აღარ ვიქნები
სასრულობაზე მუდმივად წერა
გადატანაა
გაცვდა (შეგიძლია აქვე შეწყვიტო კითხვა)
უბრალოდ უნდა შეეგუო რომ მრავალჯერ განვლილი არ ნიშნავს არაფერს
სიტყვებია მხოლოდ
ცხოვრებაცაა ზოგჯერ
და დღეების უმრავლესობაში სიცოცხლე

ერთი ნაცნობი გამახსენდა რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ 22 წლის აღარ იყო
ალბათ ტყვია და  ის დარჩა რაც არ ქრება ხოლმე
ვფიქრობდი რამდენი დასასრული ვერ ნახა მაგრამ ასეთი აზრებიც უაზრობაა

სასწორი და წონის ერთეულები ნივთიერებებისგან შედგება

საქართველოში ცუდი გზები გვაქვს
რელიეფის გამოც
(მუდამ ხელისუფლებას ვერ დააბრალებ)
თუმცა გვირაბებიც არსებობს
(უნდა დავგუგლო პირველი გვირაბი როდის გაიყვანეს)
ერთი მეგობარი მყავს
ხშირად იმეორებს ფრაზას (რომელიც არ ვიცი ვისია და თუ არ დამავიწყდა ვკითხავ)
,,ვიგონებ საქმეს და ვივიწყებ უშენობას“
(გადავიფიქრე
არ ვკითხავ
რა მნიშვნელობა აქვს ვისია
იქნებ არც ისე ცნობილი ადამიანისაა ვის ცხოვრებაშიც წლებთან ერთად იმატებდა დასასრულების რაოდენობა
ჩემთვის არც აზრს შესძენს და არც მნიშვნელობას იმაზე მეტს ვიდრე ამ ოთხ სიტყვასა და და კავშირს აქვს )

Comments

Post a Comment

Popular Posts