ყურანი, ურწმუნონი, 109 სურა

ყურანი, ურწმუნონი, 109-ე სურა

,,თქვი: ო, ურწმუნონო,
არ ვემონო იმას, რასაც თქვენ ემონებით;
არც თქვენა ხართ მონანი იმისა, რასაც მე ვემონები;
და არც მე ვარ მონა იმისა, რასაც თქვენ მონებდით;
თქვენ თქვენი სჯული გაქვთ, მე ჩემი სჯული!"

Tuesday, March 13, 2012

დილით

სცივა,
არ იწვის,
სიამოვნებს,
მისი სხეულის სითბოს უკეთ შეიგრძნობს სიცივეში, არც ექიმის დასკვნა ჭირდება, არც მოძღვრის კურთხევა იგრძნოს პოლუსი სხეულით,
ჩრდილოეთი,
სამხრეთი,
იქნებ შუალედური ან სულაც მხარეების გარეშე.
აღარ აინტერესებს ჩაძინებამდე მასში გამომწყვდეული ფიქრები თოვლიანი ქარბუქივით , რომ მძვინვარებდა გონებაში.
დილით მასთანაა,
სძინავს.
საბანი მართკუთხა სამკუთხედს ქმნის მათ ფეხებთან; გეომეტრიის მასწავლებელი ახსენდება თვალდახუჭულს, ჭაღარა, ჩამრგვალებული ქალი ჭროღა თვალებით, მუდამ მჯდომარე მაგიდასთან ზარის მოლოდინში. მსრბოლი მისი კოტოტა ფეხებით.
გონებაში ფიქრს განდევნის ცივი გათოშილი თითებით მასთან შეხებისას. თრთის, გრძნობს.
ალბათ მასაც ღვიძავს, სიტყვების გარეშე არსებობენ დროში, დრო კი გაციებულიყო თერმომეტრის მინუს 4 გრადუს ქვემოთ, საათების შემდეგ ნახავენ ერთად შუშაბანდის მესამე ფანჯრის საყრდენ ბოძთან მას.
ხელის გულით გრძნობს მკერდზე ბეწვს, თრთოლა კანკალში ეზრდება , მაგრამ არ იმჩნევს,
ორივე სხეულს სძინავს...
სიცივეს არ იმჩნევენ, არც გუშინდელი სიტყვების გახსენება უნდათ. სიტყვების რომელიც სად იშვა და რად ჩადგა მათ შორის ვერ მიხვდებოდნენ დღეს.
ტკივილი გაყინა სიცივემ, შეითქვნენ მასთან, მესამე დაეხმარა ერთჯერ ერთს რომელიც ერთი იყო თვეების წინ ახლა კი კანონზომიერად თუ უკანონოდ ორად იქცა.
გაურბიან ქუთუთოს რხევას...
-----------------
-რამდენია?
-38-ს ორი აკლია, შენ ნახე, უწვდის ოფლის სუნით დაფარულ მინის ხელსაწყოს თანამოლაბორანტეს.
მხურვალე ელოდება პასუხს.
-39 და სამი.
-არაუშავს გადავიტანთ...
-მაშ!
და ორივე იღიმის,
დედას აჯავრებს ერთ-ერთი, სიცილის ხმა ფარავს მათივე სხეულის მოძრაობით გამოწვეულ საწოლის კვნესას.