ლინზა

სახლი,
რომელიც არ გაქვს,
დროებითი თავშესაფარი,
დროებითი დრო,
რომელიც აღარ იქნება შენთან ერთად.
ტყეები რომელსაც გადაუფრინე და იმ თანამგზავრებივით გაქრება ოდესმე, რომლებიც ილუმინატორებიდან ცქერით ირთობდნენ თავს,
რკინის ფრინველივით, რომელიც განწირულია ხელახლა დაბადებისთვის სხვა ფორმით,
ძაღლივით,
რომელიც აღარ არის,
მასზე მოგონება გულს გიჩვილებს ხანდახან,
იმ მოგონებებივით, რომელიც გაქრება შენთან ერთად,
მზის ჩასვლისას,
შემოდგომის პეიზაჟივით,
სევდასავით, თან რომ დაგყვება.
სიყვარულივით,
რომელიც მარადიული გეგონა დასაწყისში და დასრულდა,
წყალივით, რომელიც ყოველთვის საჭირო დროს, წყდება ონკანში,
მოლოდინივით,
რომელიც მის ხელახლა გამოჩენასთან ერთად სრულდება.
სიბრძნესავით,
რომელიც წლებთან ერთად არ მოდის, უვარგისი გამონათქვამის მიუხედავად.
დღეებივით,
ღამეებივით,
რომლებიც სრულდებიან და იმედებს გვიცრუებენ,
იმედგაცრუებასავით,
რომელიც სრულდება კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუებით.
ოცნებებივით, რომლებიც ახდება ან არ ახდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დასრულდება.
სიცოცხლესავით,
ნერვებს, რომ გიშლის იმაზე ფიქრით, რომ ერთხელაც ამ ყველაფერს ვეღარ ნახავ,
იმ ადამიანებივით,
რომლების სახელიც ისტორიამ არ შემოინახა,
ამბებივით, მათ თავს რომ გადახდათ და არავისთვის საჭირო აღარაა,
ისტორიასავით,
რომელიც დასრულდება.


Comments

  1. მეთქი რა დავაკომენტაროთქო, მარა ყველაფერი თქვი თავადაც))

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts