ბოთლი ჩრდილოეთის ქვეყნიდან

დაუმუშავებელი ქვის შეთეთრებულ შენობა,
ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე,
ქარის მოტანილ სუსხი, სამხრეთის მზეს შეჩვეულებს წარმოდგენა რომ შეგვიძლია მხოლოდ,
ალბათ სულ ტყუილად, ფანტაზია,
ცრუ შეგრძნებები.
თუ ეტიკეტს დაეჯერება,
თუ გზებს, გემებს, დროს, ზღვებს,
თუ ადამიანს,
მზის ამოსვლას, ჩასვლას, ჰორიზონტს და ჰორიზონტს მიღმელებს ვენდობით,
იქ დაამზადეს,
გამოკეტეს, მოათავსეს, დააძველეს,
გემოვნების საკითხია, თუ არცერთი სიტყვა მოგეწონა, შეცვალე, როგორც მისი დალევის შემდეგ შეცვალე, რისი შეცვლის უფლება უჩემოდ არ გქონდა.
ხეებზე ფოთლები მაინც ყოფილიყო, ჩამოცვივდებოდა,
ბილიკებს გავუყვებოდი და ვეცდებოდი არ მეფიქრა, მათი ხმაური დამეხმარებოდა.
ბუხარი მაინც მქონოდა, ცეცხლის ენებს, გავუშტერებდი თვალს.
არ უნდა ყოფილიყავი ასე ახლოს,
არც იმ ვისკის მრავალთაგან ერთერთ ბოთლს უნდა დაეტოვებინა ქარხნის საცავი.
ჯობდა, სულაც გატეხილიყო,
არ ჩამოსხმულიყო, უფრო სწორად არ ჩამოესხათ.
ნეტა რა ღირდა იქ?
აქ რა ღირდა, თაროზე შემოდებული მაღაზიაში, ესეც არ ვიცი,
ღირს კი ახლა რამედ, როცა სიცარიელეა შიგნით გამოკეტილი.
უფრო სწორად, ფიზიკის კანონის თანახმად, უნებურადაა და არც ღირს ალბათ ეს შემთხვევითობა რამედ.
,,უნებური" - მეცნიერების ენა არამგონია,
ალბათ, არც-ერთი კანონი ჩაწერილა ამ მოძველებული სიტყვით.



Comments

Popular Posts