ვერ შემდგარი თვითმკვლელის სიმღერა

იცოდი, რომ დასასრული არაფერია, უფერულობიდან იყავი შობილი და შენში იყო მოგონება მასზე.
არც მესაფლავე იყო, შეენიშნა, რაც არ მომხდარა,
არც ვინმე ტიროდა და რითმებს ერეოდა ერთმანეთის გასაცნობად,
ამბავი მოყოლილი იყო დიდი ხნის წინათ
და მნიშვნელობაც მრავალს დაეკარგა მასთან ერთად,
ნეტა ღმერთის, რომ მჯეროდეს იოტის ოდენად მაინც,
თუ გამარტივდებოდა ეს დამარცხება,
სიცილი, ტირილის შესანიღბად,
მოგონილი ბედნიერება ცხოვრებისაგან თავის ასარიდებლად
(თითქოს არსებობდეს არამოგონილი ბედნიერება).
მრავალჯერ მოყოლილი ამბავი, ჩემი ბავშვობის ჰაგიოგრაფიული ტექსტების საზეპიროებივით, ერთსა და იმავეს იმეორებენ,
რომ მარტვილობა, მარტვილობაა,
შენში ყოფნა,
მარადიულობით დაჯილდოვებით გამართლებული არსებობა.
დაბრალება, რომ შენს სიცოცხლეს იმდენი ფასი აქვს, რომ ტარიგად წირავ.
დასასრულის ტრივიალურობა.
ნეტა, რა აზრი აქვს სირცხვილს გადარჩენისას.
ნეტა თუ არსებობს ამბავი, რომელიც არ მოუყოლიათ,
ნეტა თუ არსებობს გრძნობები, რომელიც არ გაცვეთილა.
სიკვდილი, რომელიც არ დამარცხებულა უმნიშვნელობით.
არსებობის არარსებობით.









Comments

Popular Posts