კედარი

ჩემი ფანჯრის წინ კედარი ჰყვავის,
დროს შეეჩვია, ყოველდღე ვხედავ, მის მწვანე წიწვებს, სივრცეს ტოტებს შორის,
ჩემი ფანჯრის წინ მტკვარი მიედინებოდა,
დროდადრო ორთაჭალასთან ათავისუფლებდნენ და ქალაქის სუნი მიჰქონდა,
სუნი რომელიც არავის უნდა შეიგრძნოს,
მოვიშორეთ და დავივიწყეთ ისე, რომ არც გვიფიქრია,
ჩემი ფანჯრის წინ დანგრევის მომლოდინე ძველი ქარხნის შენობა იდგა,
ყოველდღე ვხედავდი, როგორ ბერდებოდა და როდესაც ყოველდღიურობა დროს მაჩუქებდა, ვფიქრობდი მასზე,
მის ზემოთ ზანთრის რუხ ღრუბლებზე, ლამაზი ფორმების გარეშე,
ჩემი ფანჯრის წინ დიდი სავაჭრო მოლი იყო,
ირეოდა ადამიანები, გეგმებით და გეგმების გარეშე,
დაღლილები და გახარებულები,
ბავშვები, მშობლებთან ერთად სკოლიდან სკოლამდე.
ჩემი ფანჯრის წინ მაგნოლიაც ხარობდა, შემდეგ მოჭრეს,
ბავშვობაში თავისთვის იდგა და მხოლოდ ახლა მახსენებს თავს, როდესაც აღარ არის.
ჩემი ფანჯრის წინ სამყაროა, მაგრამ მე მხოლოდ ჩარჩოდან ვხედავ, რომელიც ვინ იცის ვინ დაამზადა,
რომელ საამქროში დაამზადა ჩემი სახლისთვის.
ალბათ ის საამქროც ვინმეს სახლის წინ დგას.
ჩემი ფანჯრის წინ კედარი ჰყვავის,
ყოველდღე, ვიდრე ვინმე არ მოჭრის,
ისუნთქებს როცა არ ვიქნები,
ისეთი მწვანეა, თვალი ვერც აღიქვამს.
ჩემი სახლის წინ წლების წინ დარგული ხე ჰყვავის
და 
ტოტებს შორის სივრცეა.

Comments

Popular Posts