წეს-რიგი


გათენდა,
(სიტყვაზე ვფიქრობდი, რომლითაც დავიწყებდი და პირველი ეს მომაფიქრდა)
ცხოვრების ნახევარ გზაზე არ შემომაღამდა,
რადგან სიცარიელე ისედაც ბნელია,
მაგრამ სიბნელე სიცარიელე არ არის.
სახელი აქვს და ცხრა თვის განმავლობაში დედის მჭამელ ნაყოფს გავს
სიხარულს, რადგან ყველას გაგვიკეთებია იგივე.
რასაც ყველანი ვაკეთებთ წესია
და წესები ის არის რომელსაც ცხოვრებას ვეძახით, რადგან  დანარჩენს ცხოვრება ვერ ერქმეოდა და სიტყვა განმარტების გარეშე სიტყვა არ არის, ბგერების ერთად შეგროვებაა.
მდიდარი კაცის ახირებაა ჰქონდეს ნახატების კოლექცია.
(ზოგიერთ მხატვარს სიცოცხლეშიც გაუმართლა)
რადგან ჩინარი მართლაც გადატყდება სიმაღლის გამო ქარში,
რადგან მამა მართლაც უნდა მოკლა რადგან თვითონ ხარ მამა.
რადგან საქართველოს პრეზიდენტი პენსიონერია და ეს უბრალოდ ფაქტია.
რადგან ზვიადისტები მიშისტები გახდნენ და მიშისტები მანამდე იქნებიან მიშისტები ვიდრე გრიშა არ მოვა და გრიშისტები არ გახდებიან.
რადგან უკვე შესწავლილი წესებისგან შევდგებით,
რომელშიც ერთი წვეთი არ არის არაადამიანური
და არააადამიანურობა ადამიანურობის მთავარი განსაზღვრებაა.
რადგან  სიცარიელეს, რომელსაც სხვების წასვლა ტოვებს,
მარტოობის შიშია დასასრულის პირისპირ.
რადგან აღიარება შეთანხმებაა, რომელიც სიკვდილს ამარცხებს ვიდრე მოვკვდებით
და აუცილებლად მოხდება ეს
რადგან სიკვდილი ერთადერთი რეალური ჭეშმარიტებაა რის გამოც ცოცხლები ვართ.
სიტყვები, ემოციები, წესრიგი და უწესრიგობა იმ ჭურჭელს ავსებს
რომელსაც
სარკეში,
უხსოვარ დროს წყალში ჩახედვისას, ვამჩნევთ და თან ვერ ვამჩნევთ, რადგან სიცარიელეა და გახდება სიცარიელე.
ტკივილი გაივლის,
(ბანალური ფრაზა. ბანალური, როგორც ყოველდღიურობა)
გათენდება და
კუდი ცივ სადარბაზოში შეფარებული ძაღლის ცხვირზე, აღარ იქნება.

Comments

Popular Posts