თოვლი


ყველაფერი მარტივად იწყება
რთულდება 
რადგან მარტივად იწყება
თუმცა იქნებ არც რთულდება უბრალოდ მარტივი არ არის მარტივი და კიდე უფრო ცოტაა და გართულება სიმარტივეა სინამდვილეში
უფრო რთულდება თუ ვერ აცნობიერებ ზღვარს ჩემი მეგობარივით რომელიც დღესაც ზღვარზეა საკუთარი სამყაროს და რეალობის პირისპირ
სად მთავრდება ილუზია და იწყება რეალობა
რათქმაუნდა ვერაფერს ვშველი გარდა დალევისას კომპანიონობისა და ამ დროს მე მასზე უფრო მეტად დავდივარ ამ პირობით კიდეზე
ვარსკვლავებს მიღმა
უსასრულოდ ვფართოვდები ჩემს აზრებში და იქ ვარ სადაც არავინ არის და არ იყო რადგან არაფერია და არაფერი იყო
ბავშვობაში მეტროს ვაგონში ფეხზე მდგარს არცთუ სასიამოვნო ჭყლეტაში
სხვების გავების ზღვაში მიოცნებია დასასრულის მოახლოვება
გაჩერება
თავისუფლება
თუმცა არასდროს ვყოფილვარ თავისუფალი რადგან არასდროს ყოფილა ჩემამდე ვინმე თავისუფალი და არასდროს იქნება ჩემს შემდეგაც და სინამდვილეში პირველივე დღესვე ვიცით ეს უბრალოდ ვიზრდებით და გვავიწყდება
მაგრამ გავაგრძელებ თამაშს ვითომ ვარ
რადგან ჩემს ერთ მეგობარს უხარია ჩემი არსებობა ამ როლში
გულს ვერ დავწყვეტ და არასდროს ვეტყვი რომ გამოუტყდეს თავს და შემაფასოს როგორიც ვარ
დამინახოს
ზამთრისპირული სუნი შემოდგომაზე აკავშირებს ჩემს მოგონებებს წარსულთან
წარსულთან რომლის გარეშეც ცხოვრება უკეთესი იქნებოდა
არადა არ ვნანობ წარსულს
 ჩემი ტვინის უჯრედები ცოცხალია
ბავშვობაში ყველამ იფიქრა რომ ვიღაც მოკვდებოდა და პირველი სიკვდილიც ნახა
ხშირად იმის არა ვისზეც ვფიქრობთ
მაგრამ სიკვდილი იყო და მას მერე დაბადება მუდამ თან დაგყვება
მთვრალი ბევრ რამეს ვამბობ
ფხიზელიც მთვრალი ვარ ლოგიკის მიხედვით
სიკვდილზე ძალიან ბევრს თუმცა არასდროს მიყვარდა მასთან ერთად ცხოვრება
ბეღურები არ ტოვებენ ზამთარში სახლს
თუმცა რა შუაშია
არ მადარდებს ბეღურები
მეორე კლასის სახელმძღვანელოს ავტორს ადარდებდა ჩემს ბავშვობაში
არც იალქანი მადარდებს გემზე და არც არჩევნები
რა კარგი იქნებოდა ჩემს მეზობელსაც არ ადარდებდეს თუ როდის მოვდივარ სახლში
მაგრამ ალბათ ცხოვრებაში არც არაფერი ხდება ისეთი საინტერესო ვიდრე ჩემი სახლად მოლასლასებაა
თუ როგორცაა
აღარ ვფიქრობ ჩემს მეზობელზე
არც ლურჯა ცხენებზე
არც მადლენი ამიშლის ხოლმე იმაზე მეტ ფიქრებს ვიდრე ნამცხვრის საფასურია რომელსაც ჩემი ხელფასი თვიდან თვემდე უნდა ეყოს
არ მიყვარს ნამცხვარი სიტყვამ მოიტანა და დავწერე
დღეს ერთი ადამიანი რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ გამოცდაზე არ გავიდა
იქნებ არც ცვლიდა მის ცხოვრებას ეს გამოცდა თუმცა ვერ გავიგებთ
შეეშინდა რომ სწორედ ამას გაიგებდა
ან არც შეეშინდა და დაეზარა
რას გაუგებ ადამიანს
არადა არსებობს პროფესიები ვინც ადამიანს გაუგებს
თუ იცის როგორ გაუგოს
თუ ისწავლის
თუმცა უკეთეს რამესაც ისწავლიდა ადამიანი ვიდრე საკუთარი თავის გაგებაა
სხვისი გაგება უბრალოდ ილუზიაა
 ჩემი მეგობარი ხშირად წუწუნებს
მე ვწუწუნებ იმაზე რომ ის წუწუნებს და ორივენი ერთად დაღლამდე ვაგრძელებთ
ერთხელაც დავიღალეთ და ერთმანეთი არ გვინდოდა
ჰაერიც გვეზიზღებოდა რადგან ორივე ვსუნთქავდით
არ ვიცი მაშინ უჩემოდ თუ აგრძელებდა ჩემზე ფიქრს
წარსულს თუ იგონებდა
წარსული არ არის ის რაც იყო ისაა რაც მოვიგონეთ
შეიძლება მომავლის გეგმებს აწყობდა
ნეტა სად აწყობდა
სულაც რამეს თუ  აკეთებდა
იმ დღეებში ერთად რომ დაგველია ვეტყოდი რაც იყო ჩემს გონებაში
თოვლი მეტეოროლოგიური მოვლენაა და არაფერია მასში სხვა
შარშან  ზამთარში არ იყო
გამიხარდება თუ იქნება
უმისოდაც გავძლებ იმიტომ რომ თოვლის გარეშეც შეიძლება გაძლო
მაგალითად შარშან
ისევ ვსაუბრობთ მაგრამ თოვლზე არ მითქვამს
დამავიწყდა
თოვლი თუ იქნება ზამთარში ვეტყვი

Comments

Popular Posts