პასუხი

რითმებს აშორებ, რადგან გაწუხებს და მარტივ მათემატიკურ ოპერაციად აქცევს სიტყვებს.
ყველაფერს პასუხი გააჩნია ან ოდესმე ექნება პასუხი.
მარტივია და თანაც სულაც არ არის გენიალური.
ნერვებს გიშლის, რომ იცი რატომ გრძნობ აუტანელ (სინამდვილეში ასატან) შფოთვას.
გინდა დააბრალო ვინმეს, სულაც ბედს ან უბედობას, თუმცა მარტივი საძულველი სიზარმაცეა.
სიზარმაცესაც ვერ აქცევ სამყაროსადმი სიბრაზის მიზეზად, რადგან იცი სხვების უდანაშაულობის ამბავი.
იცი და ნერვებს გიშლის, რომ იცი.
რატომ არ შეიძლება სულში არ ჩაუძვრე საკუთარ თავს და თავი შეიკავო დაცინვისგან.
სამყარო სხვებია და ეს არავინ გასწავლა, შენით მიხვდი და განაჩენიც გამოუტანე საკუთარ თავს, რადგან დაკარგე მიზეზი გადაბრალების.
გაწუხებს ზაფხულის სევდა, როდესაც რიტმიდან ვარდები,
რიტმიდან, რომელიც საშუალებას გაძლევს არ დაფიქრდე და ისე იმოქმედო.
არ დაფიქრდე, არარაობაზე, არასრულყოფილ განათლებაზე, რომელიც იმიტომ გაწუხებს, რომ არასდროს იქნება სრულყოფილი.
არასრულყოფილ სიყვარულზე,
არასრულყოფილ ძილზე. სიზმრებზე, რომელიც სულაც არ არის შინაარსიანი, რომ მეორე დღეს მოუყვე სხვებს.
ნერვებს გიშლის, რომ მიზეზი ზაფხულის თბილი ქარია, რომელიც არადაარ დასრულდა.
და საერთოდ,
ნერვებს ისიც გიშლის, რომ ,,ნერვებს გიშლის" არ არის ის სიტყვები, რომელიც გინდოდა დაგეწერა, მაგრამ სხვას ვერ წერ.
ვერ წერ, რადგან -
პასუხი უკვე დაწერე.

Comments

Popular Posts