ნარინჯისფერი

კიბის პირველი საფეხური,
ყოველდღე ეშვება მეთექსვმეტე სართულიდან და იკავებს ადგილს,
იცვამს ნარინჯისფერ შესამოსელს,
გუშინ გარეცხილს, მთვარეზე გამშრალს (გამოთქმაა ასეთი), თავისით არდაკუჭულს,
ნაჭერია ისეთი, ცხოვრებასავით.
ნარინჯისფერი უფერული ცხოვრებასავით.
გზად ტოტებზე ჩიტები ყოველდღიურ საქმიანობას იწყებენ მასთან ერთად,
თუმცა არ ესმის,
ვერ უყურებს.
დღე-დღეს მისდევს და ყველა ერთნაირია.
ზოგჯერ წვიმს, ზოგჯერაც ქარია, ამინდი ყოველთვის ცვალებადია და არ ჰგავს უნიფორმაში შემოსილ ფიქრებს
შუქის გადასახადზე,
წყლის გადასახადზე,
დასუფთავების გადასახადზე,
ცხოვრების გადასახადზე,
შვილებზე,
მასზე,
ვინც ოდესღაც უყვარდა ან ახლაც უყვარს.
ქალაქში სძინავთ,
ადამიანები თავის ცხოვრებასთან განმარტოებულები არიან.
გზის ბოლოს ისევ გზა ელოდება, სხვა ნარინჯისფერებთან ერთად.
გაუყვებიან გზას,
მიაპყრობენ თვალებს, იმას რისი დანახვაც არავის უნდა,
ცხოვრების ნაშთებს,
სუნს,
გაფუჭებულ, დამსხვრეულ, გამეტებულ უსულო საგნებს.
მექანიკურად,
ფიქრების გარეშე, პირველ საფეხურზე, ჩაივლის წლები.
მზის ამოსვლამდე,
ჩიტები გაიღვიძებენ,
მაგრამ არასდროს მიიქცევენ დილით გზას დამდგარი ადამიანის ყურადღებას.
მზე კიდევ არსებობს,
დროებით.


Comments

Popular Posts