I; II; III

I
სიყვარული ფორთოხლისფერი არ იყო,
არც დარიჩინის ტკბილ-მწარე გემო დაკრავდა,
საერთოდ არ ჰქონდა ფერი და გემო,
სურნელიც არ ჰქონდა.
დროდადრო ტკივილს ვგრძნობდი და ეს იყო ჩემთვის სიყვარული,
დროდადრო ძლიერდებოდა ეს ტკივილი,
სუნთქვაშიც ხელს მიშლიდა.
სასრულობის შიში არ მანებებდა თავს, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი კარგად იყო.
ბანალურად,
ამინდივით იცვლებოდა,
მოულოდნელი წყალმოვარდნებიც იყო,
მოკლე და საშუალო პროგნოზივით სანახევროდ ახდენილი ოცნება იყო.

II
სამშობლო ის იყო რაც დავისწავლე,
სადაც დავიბადე და ვერ დავტოვე, თუმცა ყოველ გაბრაზებაზე ვიმუქრებოდი, თითქოს მისთვის რაიმეს ვნიშნავდე, დროის მორევში.
კლიმატივით მოსალოდნელად ვიცვლებოდი და ვმეორდებოდი,
მისადმი დამოკიდებულებაში.
მისთვის კი სულ ერთი ვიყავი, რადგან არც იყო.
ის მხოლოდ წიგნებში არსებობდა, მასწავლებლების ბაგეებზე ცხოვრობდა და დროდადრო ნახტომს აკეთებდა ოლიმპიელივით ჩემსკენ.
ოლიმპიელივით, ვისთვისაც მონაწილეობა,
უკვე გამარჯვებაა, გამარჯვება კი გამართლება.

Ш
მე ვიყავი,
ინდივიდი ვიყავი,
პიროვნებაც ვიყავი,
ამინდიც ვიყავი, უფრო მეტი - ჰავაც ვიყავი,
მასწავლებელიც, შეყვარებულიც, გამარჯვებულიც და დამარცხებულიც,
სამშობლოც ვიყავი.
მცირეც ვიყავი და დიდიც მეგონა თავი.
შესწავლის ნაწილიც ვიყავი და შევიმეცნებდი კიდეც.
ტკივილიც ვიყავი და გამართლებაც.
მატერია ვიყავი,
ყველა თეორიაში ვიყავი, არ დაბადებულებშიც.
მომავალშიც, წარსულშიც, დროში ვიყავი.
13 მილიარდი წელიწადი მე ვიყავი,
4 მილიონიც მე ვიყავი.
სამწუხაროდ გამაჩნდა საზღვარი,
და  ზღვარი.
შეგრძნება, ცოდნა და არსებობა.
მტკიოდა სიყვარული,
ვსწავლობდი სამშობლოს.
მე ადამიანი ვიყავი.



Comments

Popular Posts