იამაგატა

ზღვა მშვიდია, გემების სირენების ხმაური უბნევს აზრებს იამაგატას. მიუყვება ბეტონის გემთმისადგომს შუახნის იაპონელი და ფიქრობს.
დღე ჩვეულ რეჟიმში დაიწყო გემთმფლობელ კომპანია ,,კაროს" თანამრობლისთვის. მზის სხივებს აყვა თავისი მორჩილი სხეულით. ისაუზმა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად.
გაემზადა წასასვლელად. კომპანიის ოფისამდე გზას 47 წუთს ანდომებს მწვანე მატარებლით ყოველ სამუშაო დღეს იამაგატა. სახლიდან ორნი გამოვლენ უფროსი ვაჟი მაცუკატა არიტომო , მოზრდილი 14 წლის ბიჭი და ის. გზა 12 წუთში გაიყოფა მათთვის.
იოკოგამას ინგლისური კოლეჯის საბანკო ანგარიშზე, ყოველწლიურად იამაგატას შემოსავლის მესამედი ირიცხება. მისთვის შვილების განათლება უმთავრესია, მალე თანხა გაორმაგდება. მცირე დრო დარჩა რაც უმცროსი ოკუმა არიტომო მათთან ერთად დატოვებს სახლს დილით.
ორი წელი და სამი თვე გავიდა რაც მამა ტაკაჰასი არიტომო გარდაიცვალა და შვილს მემკვიდრეობად გამძლეობა და საინჟინრო განათლება დაუტოვა. კაცი მუდამ გრძნობდა საკუთარ თავში საშუალო ნიჭს ტექნიკური საგნებისა, ამიტომ ინჟინერია სამუშაო გამოცდილებად არასდროს უქცევია. 17 წლის წინ კომპანია ,,კაროში" გამომთვლელის დაბალი თანამდებობა დაიკავა, მას მერე იქ მუშაობს და კვირაში ექვსი დღე მსგავსად იწყება. ტექნოლოგიების განვითარებამ სამუშაო ასატანი გახადა , თუმცა იამაგატა არასდროს გამოხატავდა უკმაყოფილებას. ღიმილი სახეზე და უფროსის მორჩილება მისი გენეტიკური საფუძვლებს შეადგენდა. ოთხი წლის წინ მანაც იგრძნო უფროსად თავი. კომპანიამ დაუნიშნა მეორე გამომთვლელი , ახალგაზრდა კაცი ჰატოიამა ჰაიატო. პირველ ხანებში გაუჭირდა მისი ამერიკული განათლების გამო განსხვავებული ხასიათთან შეგუება. ჰატოიამა ამერიკულ-იაპონურ ოჯახში გაზრდილი შეერთებული შტატების დელავერიდან დაბრუნებული ახალგაზრდაა, შეეგუა უფროს, შეეწყო. დაიბრუნა იაპონური ხასიათი. მათ შორის ამ ხნის განმავლობაში მორჩილების გრძნობის გარდა მეგობრობა ვერა და ვერ ჩამოყალიბდა, თუმცა არცერთს სურდა ეს, ვინაიდან საჭიროებას ვერ ხედავდნენ.
მეშვიდე სართული, მაგიდების მწკრივი.
სამსახურში მისულს, თავის მაგიდასთან წერილი დახვდა სადაც ეწერა: მეშვიდე განყოფილების უფროსი იკედა ჰუმიმარო მიიღებდა თავის კაბინეტში იამაგატა არიტომოს დღის ცვლის დასრულების შემდეგ 17:09 საათზე.
დაიბნა. ორჯერ ყოფილა უფროსის კაბინეტში რაც აქ მუშაობს, პირველად როდესაც დაინიშნა, აწ პენსიაზე მყოფ ძველ მენეჯერ ტანაკა ოსატის დროს და როდესაც მადლობა გამოეცხადა ათი წლის მუშაობის გამო დღევანდელ უფროსთან.
დღე ნერვიულობაში გაატარა იამაგატამ, ცდილობდა არ შეტყობოდა , არ უნდოდა ჰატოიამას სცოდნოდა. სამუშაოს დიდი ნაწილი მას დაავალა, უმეტესი დრო ლოდინში გაილია. ღიმილის მიუხედავად სხეული გასცემდა მალე მის გრძნობებს.
თანდათან დრო ახლოვდებოდა და გულისცემაც ემატებოდა.
მძიმე ნაბიჯებით გაემართა დერეფნის ბოლოს , მენეჯერის ოფისამდე. სამი წუთი მოსაცდელში და იქაა.
პატარა ოთახი დიდი ადამიანებისთვის. მისთვის ის არასდროს ყოფილა ფასეული, რადგან იცოდა არასდროს ექნებოდა. თბილად მიიღო თეთრწვერა ოდნავ მასზე მაღალმა თხელი არნაგობის მამაკაცმა, მიუთითა მის წინ დამჯდარიყო. კეთილგანწყობით აუხსნა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მსვლელობა, კომპანიაში დაგეგმილი რეფორმები და მიადგა იამაგატასთვის ყველაზე რთულად მოსასმენ თემას - თანამშრომელთა ოპტიმიზაციას. მადლობა გადაუხადა გაწეული პატიოსანი შრომისთვის და კანონის მოთხოვნების შესრულებაც დაპირდა კომპანიის სახელით.
იამაგატა არიტომო დღეიდან აღარ იყო მათი დიდი ოჯახის წევრი. ღიმილით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
დაშორება რთულია ადამიანისთვის ვისაც ცხოვრების ნახევარი ერთი საქმე უკეთებია და არც იცის, როგორ განაგრძოს შემდეგ. ფრაგმენტულად გაუევლებდა მისი ახლანდელი მდგომარეობა, კომპანია, ოჯახი, შვილები, მეუღლე, სათნო ქალი მისი ცხოვრების ნამდვილი თანამგზავრი, ღამით როდესაც ყველას სძინავს ჩასჩურჩულებს ხოლმე მას ,,ჩემი მურასაკი შიკიბუ" ქალი კი აკოცებს ხოლმე. უყვარს.
როგორ უთხრას . რთული დროება დაუდგა ოჯახის უფროსს.
მატარებლითვე დაბრუნდა. გზად გაზაფხულის წვიმამ დაფარა ჰორიზონტი. მომეტებულად თავისუფლდებოდა ღრუბლის ნაცრისფერი დიდი ფილა წყლის ჭარბი რაოდენობიდან. ბნელი არ იდგა, თუმცა ატმოსფერო წვიმის გამო სიბნელის ილუზიას ქმნიდა. მატარებელი საათში 280 კმ ავითარებდა. იჯდა წითელი ხელოვნური ტყავით დაფარულ სავარძელზე და ირგვლივ დამღლელ სამუშაო დღის შემდეგ მასსავით სახლში დაბრუნებელ ადამიანებს ვერც კი ამჩნევდა. ასეთ დროს უმეტესობა მათგანი ვაგონში სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი ,,მშრომელი არსებებით" იყო სავსე. ადრე უყვარდა მათზე მალულად დაკვირვება, ასე დრო უფრო სწრაფად გადიოდა, ახლა კი დრო მისთვის არ არსებობდა. შუშებს წვიმის წვეთები შემადგენლობის მოძრაობის გამო გვერდულად ეცემოდა და ხელს უწყობდა მასში ჩაბუდებულ უიმედობის განცდას.
სადგურიდან დასახლებამდე რამდენიმე წუთის გზა ფეხით გაიარა. სველდებოდა სხეული ვინაიდან ტანისამოსი ჩამოსვლისთანავე გაიჟღინთა ,,ზეციური" წყლით.
სახლი იოკოგამასთან სანაპიროს გასწვრივ დაშორებულ პატარა ქალაქ-დასახლებაში ოთხი წლის წინ შეიძინა დანაზოგით და საბანკო სესხით , რომელსაც დღესაც იხდის და კიდევ ექვსი წელი უნდა გადაიხადოს. საკითხავია რით? კითხვას უსვამს საკუთარ თავს, შვილების განათლება, ოჯახის გამოკვება, გადასახადები. დაიწყებს მუშაობას! მაგრამ სად ? სამუშაო ძებნა კრიზისის დროს! არ დაიშურებს ენერგიას, მაგრამ საიდან დაიწყოს?
გამოჩნდა სახლი, მცირე მიწის ნაკვეთზე მდგარი ერთსართულიანი ნაგებობა, ხუთი სარკმლით და ორი შესასვლელი კარით. მოხუცმა ვაკაცუკი გონბეიმ , ცრემლიანი თვალებით გადასცა მისი გასაღები იამაგატას, ალბათ აღარცაა ცოცხალი ლამაზი მოხუცი იაპონელი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ევროპაში მოგზაურობა გადაეწყვიტა და თავისი ცხოვრების 50 წლიანი თანაცხოვრების მერე პირველად გაუყვა მარტო მოგზაურის გზას აღსასრულის შესახვედრად. ნეტა სად მოუსწრო დასასრულმა ვაკაცუკი გონბეის? იქნებ დაბრუნდა კიდეც სამშობლოში და ამომავალ მზის ყურებისას მიიცვალა მშვიდად.
მამაკაცის ფიქრებმა დაასრულა გზა სახლამდე.
პატარა ოკუმა კარებშივე შეეგება მამას. შუბლზე აკოცა ბავშვს. ქალი შეაშფოთა მისმა შესახედაობამ. ხის იატაკზე წყლის წვეთების დაცემის ხმამ გამოაფხიზლა იამაგატა, დაყვა ცოლის ნებას და სააბაზანო ოთახში შევიდა. პატარა ოთახი სულ ოთხი კვადრატული მეტრის ფართის, შავი კაფელი ირგვლივ. ცხელ შხაპს იღებს , უფრორე მექანიკურად. გამოდის და იმშრალებს თეთრი ხაოიანი ქსოვილით, იმოსება. სხეულში უსიამო შეგრძნება , სახსრები ტეხს.
ივახშმებს ნაადრევად, დაარღვევს წესს თავისივე დანერგილს, ვერ დაელოდება მაცუკატას, წუთი-წუთზე მოვა. თუმცა ხვალ კვირაა სახლში იქნება ოთხივე არიტომო და ეტყვის ყველაფერს მათ, იძინებს. ღამით სიცხისგან გათანგულს , მეუღლე საღამურ პიჟამას უცვლის , წამლის აბს გადაყლაპავს და ძილს განაგრძობს.
დილით სამი არიტომო ისაუზმებს, ოჯახის უფროს არ შეუძლია შეუერთდეს მათ. სიცხემ აუწია ყოფილ გამომთვლელს.
ძლიერი რყევა აღვიძებს, კედელთან მდგარი კარადა საწოლის მარცხენა კიდეს ეცემა. სწრაფად ტოვებს ოთახს და სამზარეულოში შერბის, მაგიდის ქვეშ დედის მკლავებში ბავშვები არიან. კედელი წამებში ირღვევა, მხოლოდ გახედვას მოასწრებს იამაგატა.
წყალი. არავინ ყვირის, მცირე დრო და დაბნეულობა არ აძლევთ მათ ამის საშუალებას. ოკუმა დედას ძლიერ ეკვრება. წყლის ხმა...

ექვსი დღის შემდეგ მხოლოდ უფროსი არიტომოს ფერფლი გაიბნა მშობლიურ მხარეში, მამის ტაკაჰასი არიტომოს მსგავსად.


Comments

Popular Posts